როგორ გავიკეთოთ კანქვეშა ინექცია წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენებით

გაზიარება
წაკითხვის დროა: შესახებ 6 წუთები

ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ გაიკეთოთ კანქვეშა ინექცია (ნემსი) წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენებით. კანქვეშა ინექცია არის ინექცია, რომელიც კეთდება კანქვეშ. წინასწარ შევსებული შპრიცი არის შპრიცი, რომელიც წინასწარვეა შევსებული წამლით.

თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ინექცია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ რესურსის ინფორმაცია, რათა არ დაგავიწყდეთ, თუ როგორ გააკეთოთ ეს სახლში ყოფნისას.

როგორ შევინახოთ წინასწარ შევსებული შპრიცები

წინასწარ შევსებული შპრიცების შენახვის წესი დამოკიდებულია მათში არსებულ წამალზე. წამლების უმეტესობა ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ ზოგიერთის შენახვა მაცივარშია საჭირო. თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი გეტყვით, როგორ შეინახოთ თქვენი შპრიცები. არ შეინახოთ წინასწარ შევსებული შპრიცები საყინულეში და არ დატოვოთ ისინი მზის პირდაპირ შუქზე.

თუ გაქვთ შეკითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეინახოთ ან ატაროთ წინასწარ შევსებული შპრიცები მოგზაურობისას, მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს.

როგორ მოვიქცეთ თუ წამალი გაიყინა

თუ შპრიში წამალი გაიყინა, მოათავსეთ შპრიცი მაცივრის წინა მხარეს ან მაცივრის კარის შიგნით თაროებზე, რათა გალღვეს. თუ ის ერთზე მეტჯერ გაიყინა, არ გამოიყენოთ. დამატებითი მითითებებისთვის დაურეკეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს.

როგორ გავიკეთოთ კანქვეშა ინექცია

მოაგროვეთ საჭირო ნივთები

განათავსეთ ნივთები სუფთა, ბრტყელ ზედაპირზე (მაგალითად, მაგიდაზე). თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 სპირტიანი საფენი
  • 1 პატარა ბინტის საფენი ან ბამბის ტამპონი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ენოქსაპარინის (Lovenox®) ან ჰეპარინის ინექციას იკეთებთ
  • 1 პლასტირი (როგორიცაა Band-Aid®)
  • მყარი კონტეინერი შპრიცისა და ნემსის ჩასაგდებად (მაგალითად, პლასტმასის სარეცხი საშუალების სახურავიანი ბოთლი)
  • 1 წინასწარ შევსებული შპრიცი ნემსის თავსახურით
    • თუ წინასწარ შევსებულ შპრიცებს ინახავთ მაცივარში, გამოიღეთ ერთი ცალი ინექციის გაკეთებამდე 30 წუთით ადრე. წამალი შეყვანისას უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
    • არ შეანჯღრიოთ შპრიცი. შენჯღრევით შეიძლება შიგნით მოთავსებული წამალი დააზიანოთ.

შეამოწმეთ წინასწარ შევსებული შპრიცი

შეამოწმეთ წამალი:

  • დასახელება. დარწმუნდით, რომ ემთხვევა თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერის მიერ გამოწერილს.
  • დოზა. დარწმუნდით, რომ ემთხვევა თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერის მიერ გამოწერილს.
  • ვარგისიანობა. დარწმუნდით, რომ ვადა არ აქვს გასული.
  • ფერი. დარწმუნდით, რომ შპრიცში არსებული წამალი გამჭვირვალე და უფეროა. არ გამოიყენოთ იგი, თუ არის ქაფიანი, გაუფერულებული, ამღვრეული ან დაკრისტალებული.

თუ წამლის დასახელება ან დოზა არ ემთხვევა თქვენთვის დანიშნული წამლის დასახელებას ან დოზას, წამალს ვადა აქვს გასული, ან არის ქაფიანი, გაუფერულებული, ამღვრეული ან დაკრისტალებული, არ გამოიყენოთ შპრიცი. თუ სხვა გაქვთ, გამოიყენეთ მის ნაცვლად. შემდეგ შეატყობინეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს ან ფარმაცევტს. შპრიცს თუ აფთიაქში მიიტანთ, შეიძლება გამოგიცვალონ.

მოამზადეთ ინექციის ადგილი

შეარჩიეთ ინექციის ადგილი (ადგილი თქვენს სხეულზე ინექციის გასაკეთებლად), სადაც შეგიძლიათ დაიჭიროთ კანის 1-დან 2 დიუმამდე (2,5-დან 5 სანტიმეტრამდე) ნაკეცი. უმჯობესია გამოიყენოთ შემდეგი ადგილებიდან ერთ-ერთი (იხ. სურათი 1):

  • მუცელი, გარდა ჭიპის ირგვლივ 2-დუიმიანი (5 სანტიმეტრი) ნაწილისა
  • გარეთა ბარძაყის წინა ან შუა ნაწილი
  • დუნდულების ზედა არე
  • მკლავის უკანა ნაწილი, თუ ვინმე სხვა გიკეთებთ ინექციას


 

თუ თქვენი ჯანდაცვის პროვაიდერი გეტყვით, რომ გამოიყენოთ ინექციის კონკრეტული ადგილი, მიჰყევით მის მითითებებს. ზოგიერთი წამალი უკეთესად მოქმედებს, თუ ის შეყვანილია გარკვეულ ზონაში. არ გააკეთოთ ინექცია ნაზ, გაწითლებულ, დაჟეჟილ, ხისტ ადგილას ან ისეთ ადგილას, სადაც გაქვთ შრამები ან სტრიები.

სურათი 1. ინექციის ადგილები

სურათი 1. ინექციის ადგილები

ყოველ ჯერზე ინექცია სხვადასხვა ადგილას გაიკეთეთ. დასამახსოვრებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ წიგნაკი ან კალენდარი. ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ადგილზე ინექცია გამოიწვევს ნაწიბუროვანი ქსოვილის (შრამის) წარმოქმნას. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს წამლის მოქმედებას. ასევე გაგიჭირდებათ ნემსის კანში შეყვანა.

ინექციის ადგილის არჩევის შემდეგ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს.

  1. კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებებით.
    • თუ ხელებს საპნითა და წყლით იბანთ, დაისველეთ ხელები, წაისვით საპონი, კარგად შეიზილეთ იგი მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ. გაიმშრალეთ ხელები ერთჯერადი პირსახოცით და იმავე პირსახოცით დაკეტეთ ონკანი.
    • თუ იყენებთ ალკოჰოლის შემცველ სადეზინფექციო საშუალებებს, აუცილებლად წაისვით იგი ყველგან ხელებზე, ხელები ერთმანეთს უსვით, სანამ სადეზინფექციო საშუალება არ შეგაშრებათ.
  2. აიწიეთ ნებისმიერი ტანსაცმელი, რომელიც შეიძლება ფარავდეს ინექციის ადგილს.
  3. გახსენით სპირტიანი საფენი. მყარად დააჭირეთ იგი კანს და გაიწმინდეთ ინექციის ადგილი. დაიწყეთ ინექციის ადგილის ცენტრიდან და გააფართოვეთ წმენდის არე წრიული მოძრაობით.
  4. დაელოდეთ კანის გაშრობას. არ გაუნიავოთ ან შეუბეროთ ამ ადგილს.

გაიკეთეთ ინექცია

  1. ამოიღეთ შპრიცი შეფუთვიდან.
    • თუ იყენებთ ლავნოქსს, დარწმუნდით, რომ შპრიცში არის ჰაერის ბუშტულა. თუ მას ვერ ხედავთ, გადადეთ შპრიცი გვერდზე და გამოიყენეთ სხვა. დაუკავშირდით თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს ან ფარმაცევტს ინექციის გაკეთების შემდეგ და შეატყობინეთ. შპრიცს თუ აფთიაქში მიიტანთ, შეიძლება გამოგიცვალონ.
  2. თქვენი დომინანტი ხელით (ხელით, რომლითაც წერთ), დაიჭირეთ შპრიცი შუაში, როგორც კალამი ან ისარი.
  3. ფრთხილად მოხსენით ნემსს თავსახური მისი ზემოთ აწევით (იხ. სურათი 2). ნუ დადებთ შპრიცს მას შემდეგ, რას თავსახურს მოხსნით. ნემსს არაფერი შეახეთ, არც თითები. თუ რაიმე შეეხება ნემსს, ჩადეთ შპრიცი ბასრი ნივთების კონტეინერში. დაიწყეთ თავიდან ახლით. დაუკავშირდით თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს ინექციის გაკეთების შემდეგ და შეატყობინეთ.
    სურათი 2. მოხსენით ნემსის თავსახური

    სურათი 2. მოხსენით ნემსის თავსახური

  4. თუ ლავნოქსის გარდა რაიმე სხვა წამლის ინექციას იკეთებთ, შეამოწმეთ შპრიცში ჰაერის ბუშტულები. თუ არის ჰაერის ბუშტულა, დაიჭირეთ შპრიცი ისე, რომ ნემსი იყოს მიმართული ზემოთ. ნაზად უკაკუნეთ შპრიცს თითებით მანამ, სანამ ჰაერის ბუშტულები ზევით, ნემსთან ახლოს არ ავა. ნელა აწიეთ დგუში ზევით, რათა ჰაერის ბუშტულები გამოდევნოთ. ნუ გააკეთებთ ამას, თუ იყენებთ ლავნოქსს.
  5. დარწმუნდით, რომ შპრიცი ისევ შუა ნაწილით გიჭირავთ, კალმის ან ისრის მსგავსად. გამოიყენეთ თავისუფალი ხელი ინექციის ადგილზე კანის ნაკეცის დასაჭერად.
  6. ერთი მოქნილი, სწრაფი მოძრაობით შეიყვანეთ მთელი ნემსი პირდაპირ კანში (იხ. სურათი 3). ჯერ დგუშს ცერა თითი არ დაადოთ.
    სურათი 3. შეიყვანეთ ნემსი კანში

    სურათი 3. შეიყვანეთ ნემსი კანში

  7. გაუშვით ხელი კანს. ცერა თითის დაჭერით ნელ-ნელა ჩაიყვანეთ დგუში ბოლომდე, სანამ წამალი სრულად არ შევა კანში (იხ. სურათი 4). შეგიძლიათ ის ცერა თითი გამოიყენოთ, რომელიც უფრო კომფორტულია.
    სურათი 4. დააჭირეთ დგუშს და ჩაიყვანეთ იგი ბოლომდე

    სურათი 4. დააჭირეთ დგუშს და ჩაიყვანეთ იგი ბოლომდე

  8.  როდესაც შპრიცი დაიცლება, ამოიღეთ კანიდან.
    • თუ ლავნოქსის ან ჰეპარინის ინექცია გაიკეთეთ, ინექციის ადგილს არ დააწვეთ. საჭიროების შემთხვევაში ინექციის ადგილზე დაიდეთ პლასტირი.
    • თუ სხვა რაიმე წამლის ინექცია გაიკეთეთ, ლავნოქსის ან ჰეპარინის გარდა, ინექციის ადგილზე ბამბის ტამპონი ან ბინტი დაიდეთ და დააწექით რამდენიმე წამის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში ინექციის ადგილზე დაიდეთ პლასტირი.
    შპრიცს ნემსის თავსახური არ დაახუროთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ ნემსი არ შეგერჭოთ.
  9. დააფარეთ ნემსს ნემსის დამცავი.
    • თუ ლავნოქსის ან ჰეპარინის ინექცია გაიკეთეთ, დგუშს მყარად დააწექით. ნემსის დამცავი თავისით უნდა ჩასრიალდეს თავის ადგილზე.
    • თუ სხვა რაიმე წამლის ინექცია გაიკეთეთ, ლავნოქსის ან ჰეპარინის გარდა, შპრიცი დაიჭირეთ ერთი ხელით, გვერდებზე არსებული გამჭვირვალე პლასტმასის თითების მოსაკიდებლებით. დაიჭირეთ ნემსის დამცავი მეორე ხელით (იხ. სურათი 5). ნემსის დამცავი ნემსზე ჩაასრიალეთ იქამდე, სანამ ნემსი მთლიანად არ დაიფარება (იხ. სურათი 6). ადგილზე ჩასვლისას ნემსის დამცავი დაიწკაპუნებს.
      სურათი 5. დაიჭირეთ ნემსის დამცავი

      სურათი 5. დაიჭირეთ ნემსის დამცავი

      სურათი 6. ჩაასრიალეთ ნემსის დამცავი

      სურათი 6. ჩაასრიალეთ ნემსის დამცავი

  10. ჩადეთ შპრიცი ბასრი ნივთების კონტეინერში. არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიცი ერთზე მეტჯერ.

წაიკითხეთ How to Store and Get Rid of Your Home Medical Sharps მითითებები ბასრი ნივთების კონტეინერის არჩევისა და ნახმარი შპრიცებისა და სხვა საშინაო სამედიცინო დანიშნულების ბასრი საგნების გადაყრისას შესახებ.

როდის დავურეკოთ ჯანდაცვის პროვაიდერს

დაურეკეთ ჯანდაცვის პროვაიდერს, თუ:

  • ინექციის ადგილიდან სისხლდენა არ წყდება.
  • ძალიან გტკივათ.
  • ინექცია არასწორ ადგილას გაიკეთეთ.
  • ტემპერატურა 100.4 °F (38.0 °C) ან მეტზე აგეწიათ.
  • განგივითარდებათ ალერგიული რეაქციის ნიშნები, როგორიცაა შეშუპება, სიწითლე, ქავილი ან გამონაყარი.
  • არ შეგიძლიათ გამოიყენოთ შპრიცი, რადგან წამალი არის ვადაგასული, ქაფიანი, გაუფერულებული, ამღვრეული ან დაკრისტალებული.
  • არ შეგიძლიათ გამოიყენოთ შპრიცი, რადგან ინექციამდე ნემსი რაღაცას შეეხო.
  • არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლავნოქსით წინასწარ შევსებული შპრიცი, რადგან მას არ აქვს ჰაერის ბუშტულა.
  • ინექციის გაკეთება გიჭირთ.

ბოლოს განახლებული

ხუთშაბათი, დეკემბერი 7, 2023